ბიზნესი
08/05/2021

შოთა ბურჯანაძე: ბიზნესი რეანიმაციაშია, ხელოვნურ სუნთქვაზე

9 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვა სარესტორნო ბიზნესისთვის კვლავ დიდი პრობლემაა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ არსებული რეგულაციები სექტორს კრიზისიდან გამოსვლაში უშლის ხელს.

„ბიზნესი რეანიმაციაშია, ხელოვნურ სუნთქვაზე. რა გადარჩება აქედან და რა იქნება გამოსავალი, ეს დროის საკითხია. რაც უფრო გახანგრძლივდება პრობლემური სიტუაცია, მით უფრო შეუძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა. ის, რომ დღეს 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათია, ის, რომ შაბათ-კვირას ბიზნესი არ ფუნქციონირებს, ეს არის პრობლემების ერთობლიობა, რომლიდანაც გამოსვლა ურთულესი იქნება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა, რეგულაციების ნაწილი ეტაპობრივად შემსუბუქდა, თუმცა ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვაა, როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით. ამავდროულად რესტორნებისთვის აკრძალულია შაბათ-კვირას მუშაობა, მათ შორის ღია სივრცეშიც.