ბიზნესი
09/02/2021

Shopshop-ი 2022 წლისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აანონსებს

პირველ ონლაინ შოპინგ-მოლ Shopshop-ში ამ ეტაპზე  44 მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორის არის როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული წარმოების ბრენდები.

კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან ახვლედიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შოპინგ-მოლში მომხმარებელს Mango-ს, Armani exchange-ს,Evita Peroni-ს, Kash Kash-ის, Hummel-ის, DIESEL-ის, The North Face-ის, Timberland-ის, Rosebud-ის, Gepherrini-ს და სხვა ბრენდების თუ დამწყები კომპანიების პროდუქციის შეძენა შეუძლია. 

ახვლედიანის განცხადებით, ინტეგრაციის პროცესშია Calvin Klein-ი და Benetton-ი.

მისი განცხადებით, 5 თვის წინ დაფუძნებულმა ონლაინ შოპინგ-მოლმა მოახერხა ის, რომ იანვრის რეალიზაციის მაჩვენებელი დეკემბერთან შედარებით მკვეთრად გაზარდა.

„დიდი ცნობადობა არ გვაქვს, თუმცა, ვმუშაობთ მარკეტოლოგებთან, რომ  რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ. ეფექტი ჰქონდა ლოქდაუნსაც, დაკეტილი იყო მოლები და ამ მხრივ ონლაინ გაყიდვებს უპირატესობა ჰქონდათ. მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ გაყიდვების ბაზარი იზრდება, შესაბამისად, ვინც მომხმარებელს ხარისხიან და სანდო ურთიერთობას სთავაზობს, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული კომპანია იქნება. ჩვენი მიზანიც ეს არის,“ - აცხადებს ახვლედიანი.

მისი განცხადებით, shopshop-ი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მისაღებად 300 კომპანიიდან ხუთეულში მოხვდა, რაც ასევე დიდი წარმატებაა სტარტაპერი ბიზნესისთვის. 

ახვლედიანი „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 2021 წლისთვის კომპანიის მიზანია რაც შეიძლება მეტი რესურსი დახარჯოს საქართველოს ბაზარზე. მათ შორის, წლის ბოლომდე დაგეგმილია 120 მაღაზიასთან თანამშრომლობა.

„წელსვე ვაპირებთ დეველოპმენტს, რომ მოხდეს ვებ-გვერდის ინგლისური და რუსული ვერსიის დამატება, 2022 წლისთვის კი  გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე. იმ ბრენდებს, რომლებიც წამოგვყვებიან მომარაგების კუთხით, გავიყვანოთ როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთში, ისე სხვა რეგიონალურ ქვეყნებში,“ - აცხადებს ახვლედიანი.  

Shopshop-ი საქართველოში პირველი ონლაინ შოპინგ-მოლია, რომელიც სხვადასხვა მაღაზიასა და ბრენდს ერთ სივრცეში აერთიანებს.