ბიზნესი
02/10/2023

შოკოლადის&აჯიკის ნაყინის მწარმოებელი The Cone Culture Ice Cream-ი გაფართოებას გეგმავს

ნაყინის მწარმოებელი კომპანია The Cone Culture Ice Cream-ი ფართოდება.

კომპანია მომხმარებელს 200-მდე გემოს მქონე ნაყინს სთავაზობს, მათ შორისაა შოკოლადის & აჯიკის, ვანილის&აჯიკის, მარილიანი კარამელის, მარწყვის რეჰანით და სხვა განსაკუთრებული რეცეპტის მქონე ნაყინები. 

როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე, ალექსი აგალარი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,2024 წლისთვის დაგეგმილია ახალი ფილიალების დამატება. მათი მიზანი, ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება და საქართველოს მასშტაბით, რაც შეიძლება ბევრი ფილიალის გახსნაა, ვინაიდან The Cone Culture Ice Cream-ის ნაყინი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას ამ ეტაპზე ორი ფილიალი აქვს, "ბაზარი ორბელიანსა" და შევჩენკოს N5-ში. სამომავლოდ კი, კიდევ ორ ლოკაციაზე, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს. თუმცა, მესამე ფილიალს აგალარის ვარაუდით, პირველ რიგში საბურთალოს ტერიტორიაზე გახსნიან.

რაც შეეხება ინვესტიციას, ამ ეტაპზე კომპანია ზუსტ საინვესტიციო თანხას არ ასაჯაროებს.

"ჩვენ ქართული, ნატურალური წარმოების ნაყინი, ვაფლები და ორცხობილები გვაქვს. ნატურალური იმიტომ, რომ საღებავებსა და არომატიზატორებს არ ვიყენებთ, შესაბამისად ნაყინი სუფთა, სეზონური ხილისაგან მზადდება და 100%-ით ნატურალურია.

ასორტიმენტის გაფართოებაზე ყოველთვიურად ვზრუნავთ. შესაბამისად, არ გამოირიცხება, რომ უახლოეს მომავალში, მისი ზრდა კვლავაც მოსალოდნელია.“ -აცხადებს ნაყინის მწარმოებელი კომპანიის დირექტორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია The Cone Culture Ice Cream-მა ახალი ქვე-ბრენდი გამოუშვა, სახელწოდებით "როზი ლიქ", რომელიც  მზა, დაფასოებული სახითაა წარმოდგენილი და მისი რეალიზაცია ამ ეტაპზე უკვე თბილისში არსებულ რამდენიმე ყავის კაფეში ხორციელდება. თუმცა, უახლოეს მომავალში "როზი ლიქის" ქსელურ მარკეტებში შეტანაც იგეგმება.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც აგალარი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან დაინტერესება დიდია, ამ ეტაპზე ექსპორტზე გასვლა არ იგეგმება და კომპანია ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზეა ორიენტირებული.

ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს.

 

 

 

 

Businesspartner