ბიზნესი
22/04/2021

შიში, გაურკვევლობა და გაუქმებული ჯავშნები - "უმპა-ლუმპა" არსებულ რეალობაზე

საბავშვო გასართობი ცენტრი „უმპა-ლუმპას“ დამფუძნებელი ნინო ღვალაძე „ბიზნესპარტნიორთან“   პანდემიის პირობებში ცენტრის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს არსებული შემოსავალი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.

მისი განმარტებით, ცენტრმა სრული სერვისის შეთავაზებით და რეგულაციების დაცვით მუშაობა 1 აპრილიდან განაახლა.

„მსურველი ბევრია, თუმცა, რეალურად ჯავშანს ბევრი აუქმებს და საბოლოო ჯამში მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს ვიღებთ, რომელიც პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მესამედია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ჯავშნების გაუქმება, აქ ორი მიზეზია - ან შიშის ფაქტორი ან სტუმრის დაინფიცირება, რა დროსაც მსურველი მთლიანად აუქმებს ჯავშანს. ჩვენთან ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მაქსიმალურად წესების დაცვით ვმუშაობთ.  მოგვცეს ერთდროულად 40 ადამიანის მიღების საშუალება, რომელიც სხვადასხვა სივრცეში იქნებიან გადანაწილებული,“ - აცხადებს ღვალაძე.

მისივე განცხადებით, შეიცვლა მომხმარებლების ქცევაც, დაიწყეს დაზოგვა და უპირატესობას უფრო ბიუჯეტურ სერვისებს ანიჭებენ.

ნინო ღვალაძის ინფორმაციით, ასეთი აქტივობით მუშაობა არ იძლევა მოგებას  და მხოლოდ, თანამშრომლებისთვის ხელფასების და ბიზნესის შენარჩუნების საშუალებაა.

„გარდა ამისა, შიშით ველოდებით თვის ბოლოს, რადგან კომუნალური გადასახადები (წყალი, ელ. ენერგია) გაიზარდა, საკმაოდ გაგვეზარდა ხარჯი, თუმცა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ფასებს ვერ ვზრდით. ჩვენ მომხმარებელი არასდროს გვიჭირდა, დღეს კი იჯავშნება 2-3 დღით ადრე, როცა, პანდემიამდე 1 თვით ადრე ვიცოდით და ვგეგმავდით ღონისძიებებს,“ - აცხადებს ნინო ღვალაძე.

„უმპა-ლუმპას“ დამფუძნებელი დაპაუზებულ საინვესტიციო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიამ ყველა მათი გეგმა გადადო. მათ შორის, ქსელის გაფართოება.

რაც შეეხება მოლოდინებს, ნინო ღვალაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანიაში შიშის და  გაურკვევლობის განცდაა.

ამჟამად, საბავშვო-გასართობ ცენტრ „უმპა-ლუმპას“ თბილისის მასშტაბით 3 ფილიალი აქვს.