ბიზნესი
04/11/2020

შეუკერავს თუ არა "აჭარა ტექსტილი“ მსოფლიოს საფეხბურთო კლუბებს ფორმებს

საქართველოში ტექსტილის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, "აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად „აჭარა ტექსტილი“ Nike-თან, Adidas-თან, Under Armour-თან, New Balance-თან და სხვა საერთაშორისო სპორტულ ბრენდთან თანამშრომლობას აგრძელებს.

როგორც ლომინაძე აღნიშნავს, შეკვეთები არ შემცირებულა, თუმცა პანდემიის გამო შემოსავლები დაგეგმილ მაჩვენებელს 30%-ით ჩამორჩება. „ველოდებით როგორ ჩაივლის პანდემია, ამის მიხედვით იქნება გაკეთდება სამომავლო პროგნოზი. ახლა ვცდილობთ გადარჩენას,“ - აცხადებს ლომინაძე.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება მსოფლიოს რომელიმე საფეხბურთო კლუბისთვის ან ნაკრებისთვის გასული წლების მსგავსად  ფორმების შეკერვა, ლომინაძე აცხადებს, რომ ეს ცნობილი  ახალი წლიდან გახდება. „ამას ჩვენი დამკვეთები  წყვეტენ, ვნახოთ რა იქნება,“ - აცხადებს ლომინაძე.

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ხორვეტიის და პოლონეთის ნაკრებებს „აჭარა ტექსტილში“ შეკერილი ფორმები ეცვათ. “აჭარა ტექსტილში“ შეკერილი Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima-ს ბრენდის ფორმები ეცვათ  ნიუ კასლის, დორტმუნდის, არსენალის გუნდებს, ასევე, იტალიის, ურუგვაის, ხორვატიისა და შვეიცარიის ნაკრების წევრებს.

„აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. საწარმო წლიურად დაახლოებით 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიას ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში უკვე აქვს სამი სამკერვალო ქარხანა, სადაც დაახლოებით 3 500 ადამიანია დასაქმებული.