Sheraton Grand Tbilisi Metekhi: ტურისტების რაოდენობა მზარდია
სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სტუმრების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,ამ ეტაპზე სასტუმროს საქმიანი ტურისტები და სპორტული ჯგუფები სტუმრობენ.
მათი ინფორმაცით, პანდემიის გამო შეიცვალა შიდა პროცესები, რამაც განაპირობა მომხმარებლების ქცევის შეცვლაც. „რეგულაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გავამკაცრეთ წესები, რათა უზრუნველყოთ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება,“ - აცხადებენ “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“.
როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, პანდემიის განმავლობაში სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” არ დაკეტილა.
„ბუნებრივია, როგორც სტუმართმასპინძლობის სფეროსთვის, ჩვენთვისაც ფინანსურად არამომგებიანი წელი იყო. იმედი გვაქვს ქვეყანაში სიტუაცია მალე დასტაბილურდება, რაც ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ეტაპობრივად გავხსნათ რესტორნები, სპა და სხვა სერვისები, რომელიც პანდემიის გამო მომხმარებლისთვის არ იყო ხელმისაწვდომი,“ - აცხადებენ სასტუმროში.
“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ აცხადებენ, რომ პანდემიის გარდა პრობლემას ქმნის ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაც. ლარის კურსის ცვალებადობა ყოველთვის მოქმედებს ნებისმიერ ბიზნესზე, მათ შორის სასტუმროებზეც.
„ჩვენს შემთხვევაში დადებით გავლენას ახდენს მაშინ, როცა სტუმრების რაოდენობა იზრდება, თუმცა უარყოფითად მოქმედებს მაშინ, როცა საერთაშორისო შესყიდვებს ვაწარმოებთ,“ - აცხადებენ სასტუმროში.