“შემოსავლის გარეშე ვართ,ეს შეღავათი დიდი დახმარება იქნება“ - Malibu Flowers-ი
“თუ ჩვენზეც გავრცელდება ის შეღავათი, რაც დღეს მთავრობამ დაანონსა, ძალიან კარგი იქნება, რადგან 2020 წლის მარტიდან ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე ვართ“ -ასე ეხმაურება ივენთ კომპანია Malibu Flowers-ის თანადამფუნებელი მარიამ კლდიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ივენთ კომპანიებისთვის ლიზინგის სესხის სუბსიდირებას გულისხმობს.
როგორც კლდიაშვილი აცხადებს, კომპანიას იმისთვის, რომ განვითარებულიყო ბანკიდან სესხი აქვს აღებული, შესაბამისად, უშემოსავლოდ დარჩენილი კომპანიისთვის სესხის პროცენტები საკმაოდ დიდი წნეხია.
“მიმდინარე წლის მარტში, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ კომპანიებს სესხების პროცენტი დაუსუბსიდირეს, Malibu Flowers-ზე კი ეს შეღავათი არ გავრცელდა, რადგან სესხი ფიზიკურ პირზე იყო გაცემული.
ბიზნეს სესხი არ გვქონია. ეს არის ფიზიკური პირების მიერ გამოტანილი თანხა, რომელსაც კომპანიის განვითარების მიზნობრიობა ჰქონდა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ჩვენ მანქანა გვაქვს ლიზინგით შეძენილი, თუ ამ შეღავათით ვისარგებლებთ, ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ეტაპზე კომპანია გაჩერებულია და აქვს ვალდებულებები ბანკთან“-აცხადებს მარიამ კლდიაშვილი.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობა შეზღუდვებს მოხსნის და ქორწილების გადახდა შესაძლებელი იქნება, კომპანია Malibu Flowers-ი ოპერირებას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ კომპანიების სესხების პროცენტის სუბსიდირების კომპონენტს ლიზინგის სესხის სუბსიდირებაც ემატება. ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
"ივენთ კომპანიებზე გავავრცელეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა და ახლა აქ შემოგვაქვს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. მათ მოგვართეს ჩვენ თხოვნით. გარკვეული ინვენტარი ლიზინგით აქვთ შეძენილი. აქაც მათ პროცენტისგან გავათავისუფლებთ",- განაცხადა ნათია თურნავამ.