ბიზნესი
28/12/2020

შემოსავალი აღარ გვაქვს, თანამშრომლებს ვეღარ ვინარჩუნებთ - Inn Group-ი 2020 წელს აჯამებს

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი  დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული წელი იყო.

მისი ინფორმაციით, Inn Group-ის ორი სასტუმრო ზამთრის კურორტებზე (ბაკურიანში და გუდაურში) იმ პერიოდში გაჩერდა, როდესაც ყველაზე დიდი აქტივობით ხასიათებოდა და ყველაზე დიდი შემოსავლის მომტანი იყო, ეს კი კომპანიისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.

როგორც კოკაია აცხადებს, შექმნილ სიტუაციაში დიდი შეღავათი იყო სახელმწიფოს მხრიდან დახმარებები, მათ შორის, გადასახადების გაუქმება-გადავადება, თანადაფინასნების გაზრდა ბანკების სესხებისთვის ა.შ. მისი თქმით, ყველაზე სამწუხარო თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაა. Inn Group-მა მათი ნაწილის  შენარჩუნება ბაკურიანში მდებარე სასტუმროს საკარანტინედ გამოცხადების შედეგად შეძლო.

„ეს კარგი პროექტი  იყო. ზაფხულში ჩვენი სასტუმროს საქმიანობის კარგი შედეგით დასრულება სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა, შეგვანარჩუნებინა თანამშრომლები. თავდაპირველად კარგად იმუშავა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“.  ეს ნიშანდობლივი იყო მაშინ როდესაც საქართველო მწვანე ზონა იყო. მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, შეიცვალა სურათიც,“ - აცხადებს ერეკლე კოკაია.

მისი განცხადებით, ზაფხულში ბაკურიანი ინნ-ის  დატვირთულობა 90%-ს შეადგენდა. კოკაია აცხადებს, რომ ამ პერიოდში მიღებული შემოსავალი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კომპანიას თავი შეენახა და თანამშრომლების ხელფასი გაესტუმრებინა.

„მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ მხოლოდ რამდენიმე თვე, 2020 წლის ივნისიდან. ახლა კი შემოსავალი საერთოდ აღარ გვაქვს. სხვა გზა არ გვაქვს, ვიკეტებით, ვერც თანამშრომლებს ვინარჩუნებთ. ახლა სასტუმროებში დასაქმებულთან რაოდენობა 100-დან 40-მდე დავიყვანეთ, თუმცა ამ 40-საც ვერ ვინარჩუნებთ, რადგან შემოსავალი აღარ აქვს კომპანიას. ამ თვის ხელფასი გადავუხადეთ, შემდეგი თვიდან კი მოგვიწევს ყველა თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვება,“ - აცხადებს ერეკლე კოკაია.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.