ბიზნესი
04/11/2020

შეიძლება საერთოდ დავიკეტოთ - რესტორანი "სარაჯეფი"

რესტორან „სარაჯეფის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ სარაჯევი არ გამორიცხავს, რომ მისი კვების ობიექტი, შესაძლოა დაიხუროს. თანამშრომლების რაოდენობა უკვე განახევრებულია, თუმცა ფუნქციონირება მაინც უჭირს.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ყველაფერი გაჩერდა. მანამდე ბიზნესი საკმაოდ მზარდი იყო. დასაქმებული მყავდა 10-11 თანამშრომელი. ახლა განახევრებულია თანამშრომელთა რაოდენობა. ალბათ, 1-2 კვირის განმავლობაში ყველა თანამშრომლის გაშვება და მარტო დარჩენა მომიწევს. ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, შეიძლება საერთოდ დაკეტვა მოგვიწიოს. მარტოდ ვგრძნობთ თავს - სახელმწიფოსა და მთავრობის გარეშე“,- აღნიშნა რესტორნის მეპატრონემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ სარესტორნო ბიზნესი უყურადღებოდ დატოვა.

"რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ჩვენს პრობლემებზე მუდმივად ესაუბრებოდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, შედეგზე ვერ გავედით. საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებულ შეღავათებს ჩვენთვის სიკეთე არ მოუტანია. გასაგებია, რომ სახელმწიფოს არ აქვს სახსრები, ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს რაღაც გასაღები და ბერკეტი. ჩვენნაირ ბიზნესებს არ აქვთ შეჩერებული გადასახადების გადახდა. ისიც გასაგებია, რომ ბიუჯეტი ამაზეა ჩამოკიდებული, თუმცა ხვალ თუ დახურვა მოგვიწევს და საერთოდ აღარ ვიფუნქციონირებთ, სახელმწიფოს ჩვენგან შემოსავალი ხომ მაინც აღარ ექნება?! როდესაც გვაქვს კომუნალური გადასახადები, საბანკო ვალდბულებები, სახელმწიფო შუამავლად უნდა მოგვევლინოს. ბანკებთან დაკავშირებით რაც გაკეთდა ამას ბანკები სახელმწიფოს გარეშეც გააკეთებდნენ“,- განაცხადა სარაჯევმა.