"შავი ცხენი" საკუთარ მომსახურებას საცხენოსნო-ფსიქოლოგიურ თერაპიას ამატებს
საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ საკუთარ სერვისს ფსიქოთერაპიულ კურსს ამატებს, - საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ „შავი ცხენის“ მენეჯერმა ნინო ტურიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, კურსები გათვლილი იქნება როგორც ბავშვებზე, ისე ქალებზე.
„მიმდინარე თვის ბოლოდან, ვამატებთ საცხენოსნო-ფსიქოლოგიურ თერაპიას, რომელიც ძირითადად განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე იქნება მორგებული. ამ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული მიდგომა. მივიღებთ 5 წლის ასაკიდან ბავშვებს პრაქტიკულ საცხენოსნო კურსებზე, თუმცა, ასევე 2-დან 3 წლამდე ბავშვების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში - მათ შევასწავლით ცხოველების სიყვარულს, მათთან მიდგომას“, - აღნიშნა „შავი ცხენის“ მენეჯერმა.
მისივე თქმით, გარდა საბავშვო საცხენოსნო-ფსიქოლოგიური თერაპიისა, „შავ ცხენს“ თერაპიული კურსები ექნება დეპრესიაში მყოფილი ქალებისთვისაც და ამ კურსზე მიღებაც აპრილის ბოლოდან დაიწყება.
ცნობისთვის, საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 5 წუთის სავალზე. კლუბში სხვადასხვა ჯიშის 33 ცხენს ფლობენ - დაწყებული ჰოლანდიური „ფრიზით“, დამთვარებული ქართული, თუშური ცხენით.