შარმ ტრეიდინგი: 1 კვირაა, რაც ეს სტატუსი მივიღეთ და ჩვენი ტვირთი უკვე პრიორიტეტში ხვდება
ბიზნესსექტორი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შემოღებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გარკვეული ბენეფიტებით სარგებლობას უკვე ახერხებს. საკითხზე „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „შარმ ტრეიდინგის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი ესაუბრა.
როგორც თეა წიქარიშვილი აღნიშნავს, მისმა კომპანიამ, დაახლოებით, 1 კვირაა, რაც ეს სტატუსი მიიღო.
„საკმაო პროცედურები გავიარეთ ამასთან დაკავშირებით. დავკმაყოფილეთ ყველა კრიტერიუმი და უკვე ვისარგებლეთ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებითაც. კერძოდ, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უკვე პრიორიტეტში ხვდება ჩვენი ტვირთი, საზღვრის გადმოკვეთის დროსაც. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდება ტვირთების განბაჟება, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტვირთებს ვიღებთ “, - განმარტა თეა წიქარიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „შარმ ტრეიდინგს“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად გაკვეული პროცედურების გავლა მოუხდა. კერძოდ, შემოწმდა კომპანიის გადახდისუნარიანობა, ფინანსური მდგრადობა, ასევე ჰქონდა თუ არა მას დარღვევები საბაჟო და საგადასახადო მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს სტატუსი უკვე სამმა კომპანიამ მოიპოვა. სტატუსის მფლობელი კომპანიები არიან: "ჰავი ლოჯისტიკსი", "ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია" და "შარმ ტრეიდინგი". ამჟამად, მიმდინარეობს სტატუსის მაძიებელი კიდევ 4 კომპანიის განაცხადის შემოწმება.
შეგახსენებთ, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობა, ნაკლები შემოწმება, ტვირთის პრიორიტეტულად მიჩნევა - ეს იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მქონე კომპანიები ისარგებლებენ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.
რაც შეეხება "შარმ ტრეიდინგს", კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsbergდა სხვა.