შაბათ-კვირას მუშაობით შევძლებდით მეტი ეკონომიკური შვება მიგვეღო - "რითეილ გრუპ ჯორჯია"
“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სავაჭრო ცენტრების, საცალო გაყიდვების კომპანიებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ რითეილ სექტორის მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.
მათ შორის, სავაჭრო მოლებს ამ ეტაპზე შაბათ-კვირას მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. მაღალაშვილი განმარტავს, რომ შემოსავლების დიდი წილი სწორედ ამ პერიოდზე მოდის.
„შაბათ-კვირას მუშაობით შევძლებდით მეტი ეკონომიკური შვება მიგვეღო ისე, რომ არ დაგვემძინებინა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
მისი განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ სავაჭრო მოლები 1 თებერვალს აუცილებლად გაიხსნებიან.
„შემსუბუქება ეს არის, რომ თუ 20 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვებოდა 1 ადამიანი, ახლა ეს ციფრი 10 კვადრატულით დაკორექტირდა. გამოსაცვლელი ოთახებიც იმუშავებს, ასე შესაძლებელი იქნება სამოსის გადაცვლა, ამჟამად მოლები შაბათ-კვირას არ იმუშავებს, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, ეს საკითხი გადაიხედება,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
მისი განცხადებით, გამოწვევად რჩება ტრანსპორტის ხარჯი, რადგან მარტამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეზღუდულია. როგორც მაღალაშვილი აცხადებს, ამის გამო კომპანიებს საკმაოდ ეზრდებათ ხარჯი.
„ამ მიმართულებით ჩვენი თხოვნა იყო, რომ მოგვეცეს საშუალება თანამშრომლები კომენდანტის საათიდან 1 საათის დაგვიანებით, ანუ 22:00 საათამდე მიგვეყვანა. სამწუხაროდ, სავაჭრო დროის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მოლები სავარაუდოდ 10:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ,“ - აცხადებს მაღალაშვილი.