ბიზნესი
20/07/2023

სენაკში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ, სენაკის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „ლურჯი ბაღი“ მოცვის პლანტაცია  და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.

 „მხარდამჭერი სახელწიფო პროექტები  და პროგრამები, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ფერმერებს  ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში ეხმარება, რაც მოიცავს  პირველად წარმოებას, შენახვა-გადამუშავებას, ბაზრებზე წვდომაში ხელშეწყობას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  თანადაფინანსებულია 114 სამაცივრე მეურნეობა; სამაცივრე მეურნეობების  შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  კი, 164  მლნ ლარს აღემატება.

2020 წელს, კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის 249,664  ლარის თანადაფინანსება მიიღო, ხოლო  შეღავათიანმა აგროკრედიტმა   500,000 ლარი შეადგინა.  კომპანიამ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით  ისარგებლა 2021 წელსაც - თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი  484,000 ლარი, ხოლო  შეღავათიანი აგროკრედიტი 730,000 ლარი მიიღო. 

სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში კომპანიაში  მუდმივად 15 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, დღიური მუშახელის რაოდენობა 150-მდე აღწევს. პროდუქცია განკუთვნილია  როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.

Businesspartner