ბიზნესი
23/02/2022

სექტორი გამოცოცხლების რეალურ სტადიაშია – რესტორატორთა ასოციაცია რეგულაციების შემსუბუქებაზე

რესტორატორთა ასოციაცია უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ "ომიკრონის" შტამთან რეგულაციები ვერ ქმნიდა წინააღმდეგობას, შესაბამისად გასაუქმებელი იყო.

"მოლოდინი თავისთავად მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს, რადგან სფერო მიძინებული იყო და ახლა გამოცოცხლების რეალურ სტადიაში შედის, რასაც ემატება ტურისტული სეზონის დაწყებაც. ასევე, 2 წლის განმავლობაში აკრძალული იყო ქორწილი, დაბადების დღე და სფერო მსგავს მომსახურებას ვერ სთავაზობდა მომხმარებლებს, აქედან გამომდინარე, ველოდებით ძალიან დიდ მოთხოვნას ამ მიმართულებით. 

ყველაფერი, რაც პანდემიის პერიოდში შეზღუდული იყო და ნეგატიურ გავლენას ახდენდა სექტორზე, დღეს უკვე ბევრად პოზიტიურად დაბრუნდება ბაზარზე და დააკმაყოფილებს როგორც სფეროს შესაძლებლობებს და მოთხოვნილებებს, ასევე საზოგადოების, ამასთან, ეკონომიკაში თანხის ბრუნვა გაუმჯობესდება."– აცხადებს, შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი, არსებული 10-ის ნაცვლად, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი, არსებული 6-ის ნაცვლად, ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა და დასაშვები იქნება სოციალური ღონისძიებების, წვეულების, დაბადების დღის, ქორწილის და ქელეხის გამართვა.