ბიზნესი
30/05/2021

საზოგადოებრივი მაუწყებელი უძრავ ქონებას აუქციონზე ყიდის - რა შესაძლებლობები ექნება ინვესტორს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა.

მიმდინარე ელექტრონულ აუქციონზე, კოსტავას 68-ში მდებარე პირველი არხის ცნობილი შენობის საწყისი ფასი, 24,59 მლნ დოლარის ექვივალენტია ლარში. რას მოიცავს უძრავი ქონება და რა შესაძლებლობები ექნება მის მყიდველს - დეტალებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურმა დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.

მისი თქმით, აუქციონზე გამოტანილი ქონება მოიცავს პირველი არხის საკუთრებაში არსებულ 33 000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთს და ასევე 24 000 კვ მეტრ ფართზე არსებულ შენობა-ნაგებობებს.

„ინვესტორებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ეს არ არის პირველი შეთავაზება, დიდი ხანია ქონება აუქციონზეა გამოტანილი, თუმცა გარკვეული პირობების გამო მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა, მათ შორის უპირველესი კოვიდ პანდემია იყო, რამაც პროცესზე უარყოფითი გავლენა იქონია. ამ ეტაპზე განახლებული ფასით მოხდა შეთავაზება საზოგადოებისთვის და 4 ივნისის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში", - განმარტა ნოდარ ჭიჭინაძემ.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი ამბობს, ინვესტორს ქონების განვითარების რაიმე კონკრეტული ვალდებულება არ აქვს.

"ინვესტორისთვის შეზღუდვა არ არსებობს, არჩევანი მრავალფეროვანია. უნდა ითქვას, რომ ეს მიწის ნაკვეთი უნიკალურია, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ნაკვეთი მასტაბურია, აქვს მაღალი სამშენებლო კოეფიციენტი და განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა. დაინტერესებულ ინვესტორს შესაძლებლობა აქვს განავითაროს სავაჭრო თუ ბიზნეს ცენტრები, ასევე სასტუმრო ბიზნესი ან სხვა მრავალფუნქციური კომპლექსი", - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება ფასის განსაზღვრას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამჭვირვალობის პრინციპით იხელმძღვანელა და ღირებულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა.

"სწორედ ამ ფასით ხდება აუქციონზე ქონების შეთავაზება, აუქციონი როგორც სხვა შემთხვევაში ტარდება ფინანსთა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით და დეტალური ინფორმაციაც ამ ქონების შესახებ, მათ შორის ფოტო მასალა, განვითარების კონცეფცია (რომელიც დავუკვეთეთ ერთ-ერთ საერთაშორისო ავტორიტეტულ კომპანიას) მითითებულია აუქციონზე", - განმარტა "ბიზნესპარტნიორში" ნოდარ ჭიჭინაძემ.

ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქონების შეძენით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორთა მხრიდან გარკვეული აქტივობა შეინიშნება, მათ ნაწილთან დედაქალაქის მერიის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა, პროცესში აქტიურადაა ცართული ეკონომიკის სამინისტროც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი იმედოვნებს, რომ ამ ლოტზე ინვესტორების მხრიდან აქტივობაგადაიზრდება კონკრეტულ გარიგებაში და უახლოეს პერიოდში მოხდება ქონების რეალიზება.

აღსანიშნავია, რომ პირველი არხის შენობის და მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება საზოგადეობრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობას, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

"ქონების რეალიზაციის შედეგად მირებული თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის დასრულებისა და ტექნიკური აღჭურვის ერთ-ერთი წყაროა, შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება რეგიონში ერთ-ერთი თანამედროვე და მოწინავე ტელევიზია", - განმარტავს ნოდარ ჭიჭინაძე.

არსებული გრაფიკის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში, რომელიც აღჭურვილი იქნება უნიკალური გეგმარების სტუდიებით, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის, 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის გადავა. აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი და ადმინისტრაციული ნაწილი დაგეგმარებულია თანამედროვე სტანდარტებით, გათვალისწინებულია მოდერნული დიზაინი, შეთავაზებული იქნება გამაჯანსაღებელი და სხვადასხვა დატვირთვის მქონე სივრცეები და იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო.

 

 

Businesspartner