ბიზნესი
05/05/2023

საზანოს ღვინო : ჩინეთის ბაზარს ჩვენი მარაგების მთლიანად შეძენა სურს

„საზანოს ღვინოს“ წარმოებული ღვინით ჩინეთის ბაზარია დაინტერესებული,-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ღვინის მწარმოებელმა და სასტუმროს „საზანოს ღვინოს“ დამფუძნებელმა, ლევან ჭანტურიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მარაგების მთლიანად შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კომპანიას ამ ეტაპზე 70 ქვევრი აქვს, რომელიც ჯამში 60 ტონა ტევადობისაა და ასევე ცისტერნები, რომელთა ტევადობა ჯამში 80 ტონაა.

როგორც „საზანოს ღვინოს“ დამფუძნებელი განმარტავს, მათ რეგიონში რთველი ოქტომბერში იწყება, მანამდე კი პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს რა რაოდენობის ღვინის წარმოება იქნება საჭირო.

„ჩვენ პანდემიის პერიოდში ღვინის დიდი მოცულობით წარმოებისაგან თავს ვიკავებდით და ახლაც არ ვგეგმავთ ამ მიმართულებით გაფართოებას, თუმცა, მზად ვართ მოთხოვნის შესაბამისად ღვინის წარმოებაზე," - აცხადებს ჭანტურიძე.

მისი ინფორმაციით, კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში, მათ შორის იყო 2020 წლის თებერვალში ჩატარებული ITB BERLIN-ის გამოფენა.

როგორც ჭანტურიძე აცხადებს, ამ დრომდე კომპანია ექსპორტის მიმართულებით მხოლოდ ჩინეთის და დუბაის ბაზრებზეა წარმოდგენილი. ადგილობრივად კი ღვინის რეალიზაცია მხოლოდ საკუთარ სასტუმროში ხდება. 

შეგახსენებთ, „საზანოს ღვინომ“ ბაზარზე ოპერირება 2019 წლიდან დაიწყო. კომპანიის საკუთრებაშია 2 ჰექტრამდე ვენახი. კომპანია ძირითადად იმერულ ღვინოს აწარმოებს, მათ შორის, ოცხანურ საფერეს და კრახუნას. კომპანიის აქტივშია სასტუმროც.

Businesspartner