ბიზნესი
13/01/2021

სავაჭრო ცენტრი "საბა": თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება თვეში ₾90 000-მდე დაჯდება

სავაჭრო ცენტრი „საბას“ დირექტორი პაატა კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება თვეში ჯამში, დაახლოებით 90 000 ლარამდე დაჯდება. მისი განცხადებით, იმ თანამშრომლების Covid ტესტირებას, რომელიც ადმინისტრაციაში მუშაობენ, თავად კომპანია უზრუნველყოფს, მოიჯარეებმა კი საკუთარი თანამშრომლები თავად უნდა გატესტონ.

„ეს გახდება 1-ელ თებერვალს სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობა. ჩვენ მათ დავუგზავნეთ sms შეტყობინებები, რათა მოგვაწოდონ თანამშრომლების სიები, საწყის ეტაპზე ასეა საჭირო. დაველოდებით მთავრობის მითითებებს, ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს, სად და რომელი ტესტი. ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექცია შეიმუშავებენ ფორმას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. დასადგენია ისიც, ტესტი გახსნამდე რამდენი დღით ადრე უნდა იყოს აღებული. ასევე გატესტვის პერიოდულობა,“ - აცხადებს კაჭარავა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.