ბიზნესი
12/03/2021

სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესს გამზადებულ ხელშეკრულებებს სთავაზობს

სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესს გამზადებულ ხელშეკრულებებს სთავაზობს.

"დღეიდან, მცირე და საშუალო ბიზნესი შეძლებს ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმებით, რომლებიც პალატის ინიციატივით, პარტნიორებთან ერთად მომზადდა.

ჩვენი, როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ მეწარმეებს მათი საქმიანობის განვითარებაში. ამ პროქტის შედეგად, ისინი შეძლებენ გამოიყენონ კვალიფიციური იურისტების მიერ შემუშავებული ნასყიდობის, მომსახურების, იჯარის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმები,რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და უზრუნველყოფს რესურსების დაზოგვას’’- განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი უმეტესწილად მოკლებულია შესაძლებლობას დაიქირაოს კვალიფიციური იურისტი, რათა მათი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ტრანზაქციებზე საჭირო ხელშეკრულება გააფორმონ.

"ასეთი პრო-ფომა კონტრაქტები მეწარმეებისთვის გარდა იმისა, რომ გაადვილებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ამავე დროს იქნება მომავალი გართულებების ან დავების თავის არიდების ხელშემწყობი"-განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.

პროექტის ფარგლებში, ამ მიმართულებით ბიზნესის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა გამოხატა სურვილი, გამოიყენოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ შემუშავებული პრო -ფორმა ხელშეკრულებები.

ხელშეკრულების ფორმებისა და მისი გამოყენების სახელმძვანელოს ნახვას დაინტერესებული პირები სავაჭრო პალატის ვებ-გვერდზე შეძლებენ.

პროექტი საქართველოს სავაჭრო პალატის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-პალატის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.