ბიზნესი
10/03/2021

სასტუმრო Tribu: საშუალო დატვირთულობა 35%-ია, ვიქოქებით

სასტუმრო Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ჭირლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, 72 ნომრიანი სასტუმროში მხოლოდ 24 ნომრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჯერ-ჯერობით ამ 24 ნომრის დატვირთვაც ჭირს, შაბათ-კვირას უფრო ნორმალური სიტუაცია არის ხოლმე, ამ წუთის მდგომარეობით, დასვენების დღეების დატვრითულობა 50%-ზე მეტია, კვირის სხვა დღეებში დატვირთულობა 25%, საშუალო დატვრითულობა კი 35%-ს შეადგენს“-აცხადებს ჭირაძე.

უღირს თუ არა, ასეთ პირობებში სასტუმროს ფუნქციონირება, Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ამ ვითარებაში მიღებული შემოსავალი კომუნალურების გადასახდელად მაინც იქნება სამყოფი, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია.

„მარტის თვე რომ საკუთარი თავი ირჩინოს სასტუმრომ, ამისთვის მაინც ღირს მუშაობა. მთელი ზამთარი კომუნალურები ჯიბიდან ვიხადეთ, იქნებ ამაში წაგვეშველოს. ვნახოთ, იმედები გვაქვს, რომ დატვირთულობა იქნება, გაიხსნა საბაგიროები, ამინდებიც მგონი იქნება, ამჟამინდელ ჩვენს მდგომარეობას ჰქვია, რომ ვიქოქებით,“ - აცხადებს ჭირღაძე.

მისი ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასები დაახლოებით 35%-ითაა შემცირებული.

ზამთრის კურორტებზე საბაგიროები 8 მარტიდან რეგულაციებით ამოქმედდა. მთავრობა აცხადებს, რომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა დაწესებული რეგულაცია. დასაქმებულ პირებს PCR ტესტის ჩატარება და ორ ნაკადად მუშაობა მოუწევთ.

ამასთან, წესების თანახმად, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა  შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა შეზღუდული იყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება 2020 წლის 28 ნოემბრიდან შეწყდა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კი სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა.