ბიზნესი
30/03/2021

სასტუმრო "ლომსია" ტურისტული ნაკადების გააქტიურებამდე გახსნას არ გეგმავს

ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ლომსია“ ტურისტული ნაკადების გააქტიურებამდე გახსნას არ გეგმავს.

როგორც შპს „ველაჯიოს“ მფლობელობაში არსებული სასტუმროს ხელმძღვანელი ამირან ქიმერიძე „ბიზნესპარტნოორთან“ აცხადებს, სასტუმრო ბოლო 5 თვეა დახურულია, მაისის ბოლომდე გაუქმებულია ყველა ჯავშანი.

„ახალციხეში, ვარძიის მხარე, სასტუმროები ძირითადად ტურისტულ ნაკადებზე ვართ დამოკიდებული. ობიექტის გახსნა ხარჯებთანაა დაკავშირებული. სასტუმრო ახლაც, დახურულ მდგომარეობაშიც ზარალზეა, რადგან ზაფხულის პერიოდში მხოლოდ ელექტროენერგიაზე  7 000 ლარს ვიხდიდით. ახლა კი ელექტროენეგიის ტარიფი კომპანიებს გაგვიორმაგდა,“ - აცხადებს ქიმერიძე.

რაც შეეხება სასტუმროს გახსნას, ქიმერიძე აცხადებს, ასეთ ვითარებაში ახლა გახსნას აზრი არ აქვს, რადგან შიდა ტურიზმის შედეგად შემოსავალი ხარჯების საპირწონე არ იქნება.

„ჩვენთან ახლა დაიწყო ვაქცინაცია, შესაბამისად, სანამ ჩვენ არ მოვხვდებით ტურისტებისთვის უსაფრთხო ზონაში, რომ მათი ნაკადები ჩამოვიდნენ, შეუძლებელი იქნება გახსნა. ამაზე საბოლოო პასუხს ვერც ტურისტული კომპანიები მეუბნებიან. მაისის ჩათვლით ვერ გავიხსნებით, ივნისში არ ვიცი, გააჩნია რა რეგულაციები იქნება და როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში," - აცხადებს ქიმერიძე.

მისი განცხადებით, ყველა საინვესტიციო გეგმა დაპაუზდა. მათ შორისაა პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები და გაფართოების გეგმა. განიხილებოდა სპა ცენტრის დამატება, 100 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა.

ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ „ვისოლ ჯგუფმა“ 2012 წლის აგვისტოში გახსნა და სასტუმროს მშენებლობისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 2014 წელს „ვისოლ ჯგუფში“ არაპროფილური აქტივების გაყიდვის გეგმების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა მფლობელებმა სასტუმროს გაყიდვა გადაიფიქრეს და ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ სარეკლამო კომპანიას „ველაჯიო“ გადაეცა.„ლომსიაში 63 ნომერია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი.