სასათბურე მეურნეობა "აგროსფეისი" გაფართოებას გეგმავს
სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ გაფართოებას გეგმავს. მარწყვის მწარმოებელი კომპანია, ამჟამად, ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკებების პროცესშია. მათ შორის, განიხილება განვითარების მიმართულებები და სხვადასხვა ტექნიკური საკითხები.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „აგროსფეისის” თანადამფუძნებელი ნუცა სალუქვაძემ განუცხადა,კომპანია ახალ მოსავალს დაახლოებით მარტის დასაწყისში ელოდება.
„ახლა გარდამავლი პერიოდი გვაქვს. მოგეხსენებათ, გასული წელი სატესტო იყო ჩვენი სათბურისთვის და საკმაოდ წარმატებულიც. მიღებული მთელი მოსავალი ადგილობრივ მარკეტებში გავყიდეთ, გამოხმაურებაც ძალიან კარგი იყო. წელს უკეთესის მოლოდინში ვართ. ველოდებით, 70-დან 90 ტონამდე მარწყვის მოსავალს. აქედან, ადგილობრივ ბაზარზე დარჩება 10-15%, დანარჩენი კი ექსპორტზე გავა“,- განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნუცა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს დაიწყო. სათბური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში მდებარეობს. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აქ 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.