ბიზნესი
01/12/2020

სასაჩუქრე ნაკრები რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობისგან - ონლაინ სერვისი მალე ამოქმედდება

"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" საახალწლოდ სასაჩუქრე მიმართულების ამოქმედებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ალადაშვილმა განუცხადა, დაინტერესებული პირებისთვის მეურნეობა სასაჩუქრე ნაკრების მიწოდებას თავად უზრუნველყოფს.

ალადაშვილის განცხადებით, სასაჩუქრე ნაკრებში შევა ყველა ის პროდუქტი, რომელიც მეურნეობაში იწარმოება. მათ შორის, ჩურჩელები, 5 სახეობის ღვინო, 3 სახეობის არაყი, ჩირი, თაფლი და ფქვილი.

„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლების გამო მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის გადახდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„მეურნეობის ძირითადი შემოსავალი მაინც ღვინის წარმოებისგან და რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალია. დღეს შემოსავლები საკმაოდ შემცირებულია, ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ ბანკის პროცენტს მიაქვს. მეურნეობას ამ დროისთვის სხვა შემოსავალი არ აქვს. ონლაინ მიმართულების ამოქმედება თუ გაამართლებს, შევძლებ შევინარჩუნო ის 14 ადამიანი, ვინც დასაქმებული მყავს. თუ არადა, მათი დათხოვნა მომიწევს, რაც საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, - აცხადებს გიორგი ალადაშვილი.