ბიზნესი
24/06/2023

სარესტორნო ბიზნესი კადრების დეფიციტის შევსებას უცხოელებით განიხილავს

რესტორატორები კადრების დეფიციტის შესავსებად, ვაკანტური ადგილების უცხოელი კადრებით შევსებას განიხილავენ. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ „რესტორატორთა ასოციაციის" თავჯდომარე, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამგვარი ნაბიჯით გადაიჭრება როგორც კადრების დეფიციტის, ისე სერვისის ხარისხის პრობლემები. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქვეყანამ ის მოთხოვნები, მათ შორის  შრომის ანაზრაურების ოდენობა, დააკმაყოფილოს, რაც მიგრანტს ექნება.

ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, განსახილველ ქვეყნებს შორის მოიაზრება შუა აზიის, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ქვეყნები.

როგორც "რესტორატორთა ასოციაცის" ხელმძღვანელი აცხადებს,  მნიშვნელოვანია სექტორში დასაქმებულებმა სტაბილურობა იგრძნონ და გრძელვადიანად დასაქმების სურვილი გაუჩნდეთ,მაღალი ხელფასი კი სწორედ ამის გარანტია იქნება.

„ჩემი აზრით, სახელმწიფო დუოს (დარგობრივი უნარების ორგანიზაცია) კუთხით სწორ ნაბიჯებს დგამს.  ჩვენ შეგვიძლია უცოდინარი ადამიანების ნაცვლად, სამსახურში ისეთი კადრები მივიღოთ, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა მათ თავისი ფასი ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს მათთან თანამშრომლობა ენდომება,  შესაბამისი ანაზღაურების გადახდა მოუწევს.  

დღესდღეობით, მიმტანის დღიური ანაზღაურება 40 ლარიდან იწყება, ხოლო სამზარეულოში მომუშავე ადამიანის -  1500-დან 3000 ლარამდეა გაზრდილი, რომელიც ბაზარზე საშუალო ხელფასია," -აცხადებს „რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცხოელი კადრების რაოდენობა ქართულ ბაზარზე მცირეა, თუმცა ორგანიზაციები უკვე შექმნილია, რომლებიც კადრების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ხელფასები მინიმუმ ორჯერაა გაზრდილი, მაგრამ ასოციაციის თავჯდომარის ვარაუდით, დაახლოებით 20%-ით ზრდა კიდევ შესაძლებელია.

ამასთან სექტორი გამოწვევის წინაშეა, ვინაიდან ახალი ობიექტები იხსნება  და საფრთხეა სხვა ბიზნესებიდან კადრების გადმობირება მოხდეს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესში ზაფხულის სეზონის პროგნოზს, „რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ  რეგიონში მიმდინარე პროცესები, როგორიცაა რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ეხება) საზოგადოებაში გარკვეულ შიშს მაინც იწვევს. შესაბამისად ზაფხულის სეზონზე რა გავლენა ექნება, რთულია ამის პროგნოზი.

 

 

Businesspartner