ბიზნესი
30/05/2023

სამშენებლო სექტორს კვირაში 48-დან 40 საათამდე სამუშაო საათების შემცირებამ ხარჯი გაუზარდა

დასაქმებულთა ყოველკვირეული  სამუშაო საათების 48 საათიდან 40 საათამდე  შემცირება სამშენებლო სექტორისთვის  საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც LEMONS GROUP-ის გენერალურმა მენეჯერმა ირა მელიმონიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, რეგულაციამ მშენებლობის ხარჯები გაზარდა.

„ყველა მსგავსი პატარა რეგულაცია მშენებელს აიძულებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ფასში ასახოს. რეგულაციების წინააღმდეგი არავინ არ არის და ძალიან კარგია, რომ  ნელ-ნელა ბევრი ფორმალური მხარეც წესრიგდება, თუმცა ბიზნესი ვერ აუვლის გვერდს, რომ ამ ტიპის ცვლილებები  არ ასახოს თითოეული კვადრატული მეტრის ფასში.  ჩვენც მოგვიწია გადაწყობა და საკმაოდ სწრაფად უნდა მოგვეხერხებინა ცვლილებები. იმითვის რომ 40 საათიან სამუშაო კვირაზე გადავსულიყავით, დაგვჭირდა დამატებითი თანამშრომლების აყვანა და შიდა სტრუქტურული ცვლილებები“-აღნიშნა ირა მელიმონაძემ.

მისივე თქმით, ბაზარი ჯერ-ჯერობით  სრულად არ არის გადასული ახალ  რეგულაციებზე.

„არათანაბარ პირობებში იმყოფებიან კომპანიები, რომლებიც ამ წესს  პატიოსნად იცავენ და კომპანიები, რომლებიც გვერდს უვლიან. ჩემი აზრით, რეგულაციის გვერდის ავლა, ამ კომპანიების თვითმიზანიც არ არის, თუმცა  ადამიანური რესურსის ასე სწრაფი ჩანაცვლება და იგივე უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების პოვნა ძალიან რთულია. ჩვენ, იქიდან გამომდინარე რომ მუდმივად ვართ კადრების ძიებაში და გვაქვს ვაკანტური ადგილები გამოცხადებული, მაქსიმუმ ერთი კვირა დაგვჭირდა რომ ამ ახალ რეგულაციას დროულად მოვრგებოდით, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ. საბოლოო ჯამში,  რთულად მაგრამ ყველას მოუწევს რომ გადავიდეს ამ რეგულაციის შესაბამის სამუშაო გრაფიკზე.“-აღნიშნა ირა მელიმონაძემ.

ცნობისთვის, სამშენებლი სექტორი ერთ-ერთია მათ შორის,რომელიც სპეციფიკური სამუშაოების სიაში აღარ არის და შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს კვირაში 48-დან 40 საათამდე მოუხდათ სამუშაო საათების შემცირება.

სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობამ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შეამცირა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.  სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალიდან 15 დარგი ამოიღეს.

 

Businesspartner