ბიზნესი
22/05/2023

"სამშენებლო მიმართულებით ევროკოდების დანერგვა დაეხმარება სექტორს, რომ აამაღლოს მშენებლობის ხარისხი" - Property Georgia

„უძრავი ქონების სექტორი, ბოლო წლებია, საქართველოში დინამიურად ვითარდება და ის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი სექტორია“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ს დირექტორმა ლიკა ქარდავამ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უამრავი ახალი დეველოპერული პროექტია, რომელთა მშენებლობაც მიმდინარეობს, გააქტიურებულია მოთხოვნაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მყიდველების მხრიდან.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამშენებლო-დეველოპერული სექტორი, ეტაპობრივად, ვითარდება და ქალაქების ურბანული სახე, ერთგვარად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების ამსახველიც არის. ამ ზრდის და ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, სექტორს საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს.

მათ შორის, მშენებლობის სტანდარტები, განაშენიანების სტანდარტები და ურბანული იერსახე. ასევე,საუბარია ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების დანაკლისზე. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სისტემური მიდგომები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაკრო-ეკონომიკურ და საკანონმდებლო დონეზე, ქვეყანაში მნიშვნელოვანია წინსვლა. იმედია, საკანონმდებლო სიახლეები, როგორებიცაა - ენერგოეფექტურობის კანონის დანერგვა და აღსრულება, სამშენებლო მიმართულებით ევროკოდებისა და ევროსტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა, დაეხმარება სექტორს რომ აამაღლოს მშენებლობის, ასევე მასალების ხარისხი, უსაფრთხოების სტანდარტები და შესაბამისად, ჩვენ როგორც მოქალაქეებმა და ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა, მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენს განაშენიანებულ გარემოზე“, - განმარტა ლიკა ქარდავამ.

Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ს დირექტორმა ამ გამოწვევების გარდა, სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად კადრების დეფიციტიც დაასახელა.

„საკმაოდ მწვავე პრობლემაა საკადრო რესურსების დეფიციტი. განსაკუთრებით, ეს ეხება ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მიმართულებით. საკმაოდ აქტიურად ხდება ადამიანური რესურსის გადინება სხვა ქვეყნებში, შესაბამისად, კომპანიების მოტივაცია ძალიან მაღალია, რომ რაც შეიძლება აქტიურად ითანამშრომლონ უნივერსიტეტებთან, აკადემიებთან, დონორ ორგანიზაციებთან. ჩვენც მაქსიმალურად ვართ ამ პროცესებში ჩართულები, რომ დავეხმაროთ პროფესიული პროგრამების დაენერგვისა და კადრების აღზრდა-განვითარების პროცესში“, - აღნიშნა ქარდავამ.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ამ და სხვა ტენდენციებზე  ,,უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია - საქართველო“-ს, FIABCI-Georgia  და Property Georgia-ს ორგანიზებით, 18,19, 20 მაისს ჩატარებულ სატრენინგო კურსის - „უძრავი ქონება 360 გრადუსით“ ფარგლებშიც ისაუბრეს.

კურსი  „უძრავი ქონება 360 გრადუსით“ მოიცავდა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მიერ მომზადებულ, მუდმივად განახლებად თემატიკებს, რომლებიც შესაბამისობაშია ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან და საჭიროებებთან, სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო თუ კონიუნქტურულ ცვლილებებთან.

შეხვედრა განკუთვნილი იყო ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკით დაკავშირებულია უძრავი ქონების სფეროსთან, მათ შორის: სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მფლობელები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტი, საკონსულტაციო, ფინანსური, იურიდიული, არქიტექტურული და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, საკრედიტო მენეჯერები, პოტენციური ინვესტორები, ფონდების მენეჯერები და სხვა.

Businesspartner