ბიზნესი
11/09/2023

"სამყურა" აგროტურისტული საქმიანობისთვის მზადებას იწყებს

მიმდინარე წლიდან, კახეთში, სოფელ წნორში არსებული ბიომეურნეობა „სამყურა“ აგროტურისტული საქმიანობისთვის მზადებას იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნიკა ბაგალიშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აგროტურისტული ობიექტის მოწყობას, საკუთარ მეურნეობასთან კაფის მშენებლობით იწყებს, რომლის სამუშაოებიც  მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან უნდა დაიწყოს. როგორც ბაგალიშვილი აცხადებს,  ადგილზე საშუალოდ 5-დან 40 ადამიანამდე მასპინძლობა იქნება შესაძლებელი.

მისივე ინფორმაციით, კაფე ტურისტულ ჯგუფებს უმასპინძლებს და კერძები თუ ნატურალური წვენები, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება შეთავაზებული, "სამყურას“ მეურნეობაში მოყვანილი ბოსტნეულისა თუ ხილისაგან იქნება დამზადებული.

გარდა ამისა, ობიექტი სტუმრებს საშუალებას მისცემს საკუთარი ხელით მოკრიფონ ბოსტნეული და კერძი თავადვე მოამზადონ.

"გარდა კაფისა, მომავალი 2024 წლიდან კოტეჯების ჩადგმასაც ვგეგმავ. ეს კოტეჯები იქნება საქართველოში ყველა სხვა კოტეჯისაგან განსხვავებული. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მიწისაგან აშენებენ და ზაფხულში გრილი, ხოლო ზამთარში თბილი იქნება," -აცხადებ ბაგალიშვილი.

ბიომეურნეობის დამფუძნებლის განმარტებით, ადგილზე 8 კოტეჯის განთავსება იგეგმება, რომელსაც ჯამში 16 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. რა შეეხება განსახორციელებელ ინვესტიციას, ამ ეტაპზე მისი რაოდენობა უცნობია. 

ცნობისთვის, ბიო წარმოება "სამყურა“ კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

 

Businesspartner