ბიზნესი
17/06/2021

სამკურნალო წყალი "ლუგელა", საერთაშორისო ბაზრების შემდეგ, საქართველოშიც გაიყიდება

კომპანია Group Anaklia უახლოეს მომავალში სამკურნალო-მინერალური წყალი „ლუგელას“ წარმოებას ქართული ბაზრისთვისაც დაიწყებს. კომპანიის რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამჟამად კომპანია ამასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალებს გადის. 

„ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად საჭირო დოკუმენტაციას ვაგვარებთ, ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ქართულ ბაზარზე მალე შევალთ. თუ ქსელებში არ შეგვიშვებენ, ჩვენით გავყიდით ოფისიდან,“ - აცხადებს წიფურია.

ამჟამად კომპანია სამკურნალო წყალს ექსპორტზე ყიდის, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსში, ცნობადობა იზრდება სომხეთშიც.

შეგახსენებთ, კომპანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე ქარხანაში სამკურნალო-მინერალურ  წყალ „ლუგელას“  ბოლო რამდენიმე წელია აწარმოებს.