ბიზნესი
03/06/2021

სამედიცინო ველნეს კურორტი "ბიოლი" უცხოელი ტურისტებით სრულად დატვირთულია

სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი“ უცხოელი ტურისტებით სრულადაა დატვირთული. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კურორტის მფლობელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ განუცხადა, ამ დროისთვის „ბიოლს“ სტუმრობენ დამსვენებლები უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, მათ შორის, ურუგვაიდან, პარაგვაიდან.

„სულ 13 კოტეჯი გვაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ აქტივობა არის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით ფასები შევამცირეთ,“ - აცხადებს მჭედლიძე.

რაც შეეხება მოლოდინებს, „ბიოლის“ მფლობელი აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნია განვითარების 30 წლიანი გეგმა და პანდემიის გამო დაპაუზებული ორი წელი, მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ამ ზაფხულს რა იქნება არ ვიცი, რუსული რულეტკაა, როდის რა იქნება არავინ იცის, თუმცა განვითარება გადაწყვეტილი მაქვს და ამ გეგმების განხორციელებას ხელი არ შეეშლება,“ - აცხადებს მჭედლიძე.

შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური  უზრუნველყოფს.

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის  პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.

თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“ მფლობელიცააა.