ბიზნესი
29/01/2021

სალონების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, წესების დაცვით ჩვენც ვიმუშავებთ - რესტორატორთა ასოციაცია

30 იანვარს, თბილისში არსებული 80-ზე მეტი რესტორანი, 24 საათით, მუშაობას შეწყვეტს. პროტესტის მიზნით, ერთი დღით რესტორნები გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე უარს ამბობენ. ამ დროისთვის საპროტესტო აქციაში 134-ზე მეტი კვების ობიექტებია ჩართული.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რესტორატორების სურვილია არ მოხდეს სოციალური აფეთქება. 

„უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგები ბიზნესს უყურებენ როგორც რაღაც წარმონაქმნს, მის უკან ვერ ხედავენ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დიდი პრობლემის წინაშე არიან. სიტუაცია ისეთია, რომ რთულად წარმოსადგენია, როგორ გადაიტანს ამას საზოგადოება 200 ლარიანი სუბსიდირებით. აქციის მიზანია ვაჩვენოთ  ხელისუფლებას, რას ნიშნავს კვების ობიექტების გარეშე ცხოვრება და რეალობა. საზოგადოება დაინახავს ამას, რომ არამარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად  მომავლის შესაძლებლობების ლიკვიდირებას აკეთებენ,“ - აცხადებს ბურჯანაძე.

კითხვაზე, რა ბერკეტი და საშუალება არსებობს იმისთვის, რესტორატორები უსაფრთხოდ შეძლებენ გახსნის შემთხვევაში საქმიანობას და ეს არ დაამძიმებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ბურჯანაძე აცხადებს, რომ წესების სწორად დაცვით, ყველაფერი შესაძლებელია. 

„რა ხდება სალონებში? თმას რომ იჭრის და წვერს იპარსავს კლიენტი, პირბადე უკეთია? ამ მომსახურების მიღების დროს, პირბადე ყველა შემთხვევაში ხელისშემშლელია. სალონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, წესების დაცვით ჩვენც შეგვიძლია საქმიანობა გავაგრძელოთ. გარდა ამისა, 24 დეკემბერს გაიხსნა მოლები, 100 000 ადამიანი გაატარა თითო სავაჭრო ცენტრმა, არ გვქონია  ეპიდემილოგიური აფეთქება. აქედან დასკვნა, სწორი რეგულაციებით და ადმინისტრირებით, შესაძლებელია მიზნის მიღწევა,“ - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.