ბიზნესი
29/12/2020

საკონდიტრო “გურმე“: დენის გადასახადის სუბსიდირება დიდი ხელშეწყობაა

საკონდიტრო კომპანია „გურმეს“ დირექტორი ნინო მამულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ელექტროენერგის ტარიფის ზრდა ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი წნეხია.

ამავდროულად მამულაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული შეღავათი, რომელიც კვების მწარმოებელი კომპანიებისთვის დენის გადასახადის ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის  50%-იან სუბსიდირებას გულისხმობს, დიდი ხელშეწყობაა.

მისი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც გაუფასურებულია ლარი, დღის წესრიგში დგას ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიაონობა შემცირებულია, „გურმე“ პროდუქციაზე ფასს ვერ გაზრდის, რადგან ეს პირდაპირპროპორციულად გაყიდვებზე აისახება.

„ისედაც უკვე შემცირებულია რეალზიაცია, ხალხს არ აქვს ფული, რომ პროდქუცია იყიდოს, გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრებულია. თუ ნედლეული გვიძვირდება 0%-ით, ჩვენ ფასს 5%-ით ვზრდით, დანარჩენს მოგების შემცირებით ვაკომპენსირებთ. მეტად ვერ გავაძვირებთ, რადგან გაყიდვები აღარ გვექნება “-აცხადებს მამულაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა  დღეს დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  მთავრობა, 2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირებს.