ბიზნესი
13/06/2022

"სახელმწიფოს სრული კონტროლის დამყარება შეუძლია" - რა პირობებით გადაეცა "ბორჯომის" აქციები საქართველოს

ეკონომიკის მინისტრი იმ პირობებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მმართველობაში "ბორჯომის" აქციების წილი გადაეცა.

"ჩვენ ვახდენთ ორი დოკუმენტისგან შემდგარ გარიგებას. ეს არის კომპანია ERASMO LIMITED-ის საკუთრებაში Risa Investment-ის 7.73% ჩვეულებრივი ხმის უფლების მქონე აქციების სახელმწიფოზე უსასყიდლო გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება. Risa Investment Limited არის ბორჯომის ქარხნის მმართველი კომპანია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს. მეორე გარიგების მიხედვით რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში 1 ხმის უფლების მქონე დირექტორით და 1 დამკვირვებელი დირექტორით. შესაბამისად, შემდგომში კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება: ERASMO LIMITED Risa-ში იქნება 49.99% აქციების მფლობელი და შესაბამისად, ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული. ეს პირები, რომელთაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია Risa-ში",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანიაში მეორე მსხვილი აქციონერი კომპანია Black Waters Limited-ია. 

ამ კომპანიას აქციების 38.48% აქვს. კომპანიას მინორიტარი აქციონერებიც ჰყავს. 3.79% აქვს ბორჯომის ყოფილ თანამშრომელს და კიდევ რამდენიმე პირს. ამავე დროს, მმართველობაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება 1 ხმის უფლების დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი. მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება ERASMO LIMITED-ს, ორი დირექტორი ეყოლება Black Waters Limited-ს და 1 აქციონერი, რომელიც გადაწყვეტი ხმის უფლების მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სახელმწიფოს სრული კონტროლის დამყარება შეუძლია. შესაძლებელია, რომ მეორე არასანქცირებული მმართველების ჯგუფმა მმართველობის თვალსაზრისით მოახდინონ დელეგირება სახელმწიფოს წარმომადგენელზე",- განმარტა დავითაშვილმა. 

Businesspartner