ბიზნესი
20/01/2021

"სახელმწიფოს ბიზნესის გვერდით დგომა, რამდენიმე ეპიდემიოლოგის ხუშტურის გამო, წყალში ჩაიყრება"

საქართველოში მოქმედმა 15-მა ბიზნესასოციაციამ დღეს მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართა. კერძო სექტორი სახელმწიფოს შეზღუდვების მოხსნას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შესვლას ვარაუდობენ.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სადაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა აღარ არსებობს, სახელმწიფო და ხელისუფლება ჩვენთან ერთად ვალდებულია გაითვალისწინოს ის მიდგომები, რაც ბიზნესს აქვს. დღესდღეობით ეკონომიკის შექმნისა და უმუშევრების დასაქმების საშუალება არ გვეძლევა. მათი რიცხვი დაახლოებით უკვე 250 000-ია. დღეს ერთობლივად თუ არ შევძელით ქვეყნის ამუშავება, უბრალოდ არც ერთი სფერო არ იმუშავებს. აქ პრობლემა არ აქვს რომელიმე ერთ სფეროს. ჩვენ იმდენად ჯაჭვურად ვართ ერთმანეთთან გადაბმულები, რომ ერთის ჩამოქცევა ყველა ბიზნესის ჩამოქცევას გამოიწვევს.

11 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთან კომუნიკაციით გაკეთდა ბევრი, დაუდგა ბიზნესს სახელმწიფო გვერდით, მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება რამდენიმე ეპიდემიოლოგის უპასუხისმგებლო ხუშტურის გამო. მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა ეკონომიკა საერთოდ არ მოძრაობდეს. ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ ვერანაირ შედეგს. ათასობით უმუშევარ ადამიანთან ერთად, ქვეყანა აღარ გვექნება“,- განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის თავმდჯომარემ, შოთა ბურჯანაძემ.