საქართველოში ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტები ინერგება
საქართველოში ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების ეფექტიანად მართვის თანამედროვე სტანდარტები ეტაპობრივად დაინერგება.
ამ ტიპის ნარჩენების განკარგვის საკითხზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც Land O’Lakes Venture37-ის პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილის თქმით, ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს როგორც ცხოველების საკვები ბაზის გაუმჯობესებას, ასევე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების ეფექტიანად განკარგვას, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ეკონომიკური სარგებლის გაზრდას.
შეხვედრაზე განიხილეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია მიღებული და ეტაპობრივად შედის ძალაში (საქართველოს მთავრობის დადგენილება №605 „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ).