საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი ფეხსაცმელი Amazon-ზე გაიყიდება
საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი ფეხსაცმელი საერთაშორისო პლატფორმა Amazon-ზე გაიყიდება. საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სტარტაპი „გეოდე“ ბოლო ეტაპს გადის.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული ბრენდის დამფუძნებელმა თამარ ხებრელაშვილი აცხადებს, Amazon-ზე პროდუქციის განთავსებამდე, კომპანიამ პროდუქციის რაოდენობა უნდა გაზარდოს.
„აშშ-ში უნდა გავაგზავნოთ საჭირო რაოდენობის ფეხსაცმელები და იქ დავასაწყობოთ. მანამდე კი საერთაშორისო პლატფორმაზე უნდა დავრეგისტრირდეთ როგორც ბრენდი. ამას გარკვეული დრო სჭირდება, დაახლოებით, 8 თვე. პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და 2024 წლის დასაწყისიდან უკვე Amazon-ზე ვიქნებით. იქ ჩვენი ვებ-გვერდი გვექნება. ვვარაუდობთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან გაგვეზრდება“, - აღნიშნა თამარ ხებრელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „გეოდეს“ პროდუქცია უკვე იყიდება ხელნაკეთი ნივთების გასაყიდ საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზეც.
„ჩვენი პროდუქცია უცხოურ მყიდველებში საკმაოდ პოპულარულია. გვქონდა შეკვეთები აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და ა.შ. ძალიან კარგი გამოხმაურება და კომენტარები გვაქვს. უცხოელებს, უმეტესად, „გეოდეს“ შერეული ხაზის, სპორტულ-კლასიკური ფეხსაცმელი მოსწონთ“, - განმარტა „გეოდეს“ დამფუძნებელმა.
თამარ ხებრელაშვილის ინფორმაციითვე, „გეოდე“ სექტემბერში მონაწილეობას ტყავისა და ტყავის ნაწარმის საერთაშორისო გამოფენაშიც მიიღებს,რომელიც მილანში გაიმართება და საერთაშორისო მყიდველების დაინტერესებას იქაც შეეცდება.
„ველით, რომ დიდი შეკვეთებით დავბრუნდებით და ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებსაც გავაფორმებთ. წლის ბოლომდე, გეგმაში გვაქვს აშშ-ში ექსპორტიც“,- განაცხადა ხებრელაშვილმა.
შეგახსენებთ, სტარტაპი „გეოდე“ ერთ-ერთია იმ ბრენდებს შორის, რომელიც იმპორტირებული, ნატურალური ტყავით სხვადასხვა სახეობის 30-ზე მეტი სახეობის ხელნაკეთ ფეხსაცმელს ქმნის. ბრენდი პანდემიის დროს დაარსდა და ის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელს აწარმოებს.