ბიზნესი
02/05/2023

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მაღალი მოთხოვნაა, ფასი 85 ლარიდან იწყება

პანდემიას და რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას საცხენოსნო ტურებზე გავლენა არ მოუხდენია და პირიქით, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენის“ მენეჯერმა ნინო ტურიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქტიური სამუშაო სეზონი უკვე დაწყებულია, ქვეყანაში ბევრი ტურისტია ჩამოსული და შესაბამისად, „შავი ცხენიც“ სრული დატვირთვით მუშაობს.

„გარდა საცხენოსნო ტურებისა, მომხმარებელს ადგილზევე ვთავაზობთ ჯირითის შესწავლას. ამიტომ, მოთხოვნა როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მხრიდან მაღალია. გვყავს ცნობილი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელები. რაც შეეხება ტურებს, გვაქვს - 1 საათიანი, ერთდღიანი და 2 კვირიანი ტურები. ტურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მომხმარებლის ფიზიკურ მომზადებასა და ცოდნაზე. ადამიანს, რომელიც არასდროს დაკავებულა ამ ტიპის სპორტით, არ შეუძლია მოვიდეს და გავიდეს 2 კვირიან ტურში, რადგან ამას სჭირდება ფიზიკური მომზადება“, - განმარტა ნინო ტურიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საცხენოსო ტურების ჩართვა.

„საცხენოსნო ტურებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ ტურიზმის სექტორის განვითარებაში, რადგან ძალიან საინტერესო ტურისტული პროდუქტია. თუმცა, ასევე ძალიან საფრთხილოც. აუცილებელია, უსაფრთხოების ნორმების დაცვა როგორც მხედრის, ისე ცხენისთვის. მეორე მომენტია, რომ გრძელვადიან ტურებში ცხენები არ დაიჩაგრონ და ჰქონდეთ დასვენების, წყლის დალევის და კვების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი გასათვალიწინებელია“, - აღნიშნა საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენის“ მენეჯერმა.

მისივე თქმით, საცხენოსნო ტურის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ასევე ამინდის პროგნოზის გათვალისწინება და სხვა ბევრი დეტალი, მაგალითად, ადგილი - სადაც ტურის ორგანიზატორები ცხენების გამოკვებას შეძლებენ.

„2 კვირიან ტურში წასასვლელად გვჭირდება კვადროციკლები, ჯიპები, რითიც შევძლეთ საკვების და სხვა საჭირო ნივთების, მაგალითად, კარვების გადატანას. ტურები გვაქვს რაჭის, თუშეთის, ასევე ზღვის მიმართულებით. თუმცა, კონკრეტულ ლოკაციამდე ცხენები გადაგვყავს სპეციალური მანქანით“, - განაცხადა ნინო ტურიაშვილმა.

რაც შეეხება საცხენოსნო ტურების ფასებს, ის 85 ლარიდან იწყება 1 საათიანის შემთხვევაში და ტურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ფასი იზრდება.

ცნობისთვის, საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 5 წუთის სავალზე. კლუბში სხვადასხვა ჯიშის 33 ცხენს ფლობენ - დაწყებული ფოლანდიური „ფრიზით“ დამთვარებული ქართული, თუშური ცხენით.

 

 

 

Businesspartner