საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების კლება დაიწყო
საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების კლება დაიწყო. როგორც “რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ფასების მკვეთრი შემცირება არ ფიქსირდება, თუმცა ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება.
„საქართველო ნედლი რძის წარმოებაში, სეზონურობით გამოირჩევა. ზაფხულში და გაზაფხულზე ნედლი რძის სიჭარბე გვაქვს, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში - დეფიციტი. გაზაფხულიდან მოყოლებული ფასები იკლებს როგორც ნედლ რძეზე, ისე მისგან დამზადებულ პროდუქციაზე. მთელმა რიგმა კომპანიებმა უკვე შეცვალეს ფასები იმ ფონზე, რომ ნედლი რძის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა. თუ მანამდე იყო სადღაც 2 ლარი და 20 თეთრი, ახლა გახდა 1 ლარი და 50 თეთრი, ფასები ნელ-ნელა ქვემოთ მოდის. “ - განმარტა კახა კონიაშვილმა.
მისივე თქმით, სეზონურობიდან გამომდინარე, შემცირებულია ყველის ფასიც.
„პროცენტულობით ნახტომისებური კლება არ არის, მაგრამ ტენდენცია უკვე გამოკვეთილია. მინდა ვთქვა, რომ ფასების ცვლილების კუთხით, მსხვილ კომპანიებს ნაკლები მოქონილობა ახასიათებთ. მათ რძის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე არ შეუძლიათ შესყიდვის ფასი შეამცირონ. შესაბამისად, ნედლი რძის გაიაფება მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზე ფაქტიურად ვერ ახდენს გავლენას. წვრილ კომპანიებში კი უფრო შესამჩნევია ფასების კლება და ისინი უფრო სწრაფად რეაგირებენ ნებისმიერ ცვლილებაზე.“- აღნიშნა კახა კონიაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში რძესა და რძის პროდუქტებზე ფასები წინა თვესთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა.