ბიზნესი
06/03/2021

საქართველოში მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით შეასრულა

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.

სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია თბილავიამშენისა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით განხორციელდა.

სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა და საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.

ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.

ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს.