საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნება
ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ვარძია“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელ კომპლექსს ხსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, კომპლექსში განთავდება როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო. ობიექტი პირველ სტუმარს დაახლოებით ერთ თვეში მიიღებს.
მისი განცხადებით, ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და კომპლექსში არსებული ბუტიკ სასტუმროში განთავსება, რომელიც ჯამში 4 ადამიანზეა გათვლილი. როგორც ზედგენიძე აცხადებს, ერთი ადამიანის პროცედურის ფასი 150 ლარი იქნება.
„საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს, ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც ჩვენს რეგიონში იმოგზაურებს, აუცილებლად დაინეტერესდება. პროექტში ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება,“ - აცხადებს ზედგენიძე.
შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჩაკეტილმა საზღვრებმა დამფუძნებელი აიძულა გაყიდვების ახალი გზები ეძებნა, საცალო ვაჭრობა და ბაზრის დივერსიფიცირება ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ წარმოება გადაარჩინა.