ბიზნესი
05/05/2021

"საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია და ეს სტიმულია ახალი ინვესტიციების მოსაზიდად"

საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირველი თემატური ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ვებინარზე 100-მდე მონაწილე იყო წარდგენილი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გერმანულ ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები არსებობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

"საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის. საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა დამატებითი სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვიქნები, თუ მოგვეცემა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სურსათის უსაფრთხოებისა და კონტროლის და ფერმერთა განათლების ამაღლების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ასევე, „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ინოვაციურობის საკითხზე და ინვესტორებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და აგრობიზნესის სფეროში ინვესტირების და პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ონლაინ შეხვედრა გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გაიმართა.