"საქართველოს როგორც კინოგადასაღებ ადგილს, აქვს შესაძლებლობა, აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველი ლოკაცია იყოს"
საქართველოს როგორც კინოგადასაღებ ლოკაციას, აქვს შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია იყოს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელმა თათია ბიძინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ფილმების მიმართი ინტერესი მზარდია, მზარდია ასევე ამ დარგიდან მიღებული შემოსავლები.
„ქართული კინოინდუსტრია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენ თუ ავიღებთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს, მაგალითად დიდი ბრიტანეთისას - შემოქმედებითი ინდუსტრიები მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს მოიცავს. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, მსგავსი ტიპის მონაცემები რა თქმა უნდა არ გვაქვს, თუმცა, “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან დღემდე დახარჯულია 12 მილიონ ლარზე მეტი. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკაში გადადინების ეფექტით თუ ვისაუბრებთ, დაახლოებით, 4-ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე აღნიშნულ მონაცემებში ჩანს.
ქართული კინოთი დაინტერესება ძალიან დიდია, თუნდაც საერთაშორისო მარკეტებზე ჩვენს სტენდებზე ყოველთვის არის აქტიურობა“, - განმარტა თათია ბიძინაშვილმა.
,,გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელმა ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომერციალიზაციის პროგრამამ სტარტი სულ რამდენიმე დღეა აიღო და მის მთავარ მიზანს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ფილმების პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა და გაყიდვების ზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქართული ფილმების ჩვენება მოეწყობა, სადაც მიწვეული იქნებიან გავლენიანი გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც გაზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს.
„ველოდებით, რომ ის ორი ფილმი, რომელიც შეირჩევა პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიყიდოს ძალიან დიდი წარმატებით საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა თათია ბიძინაშვილმა.
ცნობისთვის, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომერციალიზაციის პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კინოინდუსტრიაში ჩართული კომპანია იყოს პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარი, ან ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. გამარჯვებული ფილმები, რომელთა ჩვენებასაც წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე სააგენტო სრულად დააფინანსებს, მიმდინარე თვის ბოლოს დასახელდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია, ჯამურად განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია.