საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი "ნუტრიმაქსი“ გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ახალ წევრს „ნუტრიმაქს“ მიესალებიან. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, „კოვიდპანდემიისა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას, რაც კომპანიების სწორი მენეჯმენტისა და გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებით არის განპირობებული. ხოლო ჩვენ ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, ბიზნეს სექტორის თანადგომას, რადგან დღეს ბიზნესი საჭიროებს მეტ ყურადღებასა და სოლიდარობას“.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ნუტრიმაქსი 2009 წელს დაარსდა და საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც მცირე და საშუალო ფერმებისთვის დაიწყო კომბინირებული საკვების წარმოება.
ორგანიზაციის მისიაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან საკვებზე - ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების მიმართულებით. აღნიშნულის მისაღწევად, „ნუტრიმაქსი“ წარმატებით უზრუნველყოფს ფერმერებს ცხოველებისა და ფრინველების უმაღლესი ხარისხის საკვებითა და კვების თანამედროვე ტექნოლოგიებით.
აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდანვე „ნუტრიმაქსი“ არის ცხოველთა კვების ტექნოლოგიაში მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Trouw Nutrition-ის პარტნიორი.
„ნუტრიმაქსს“ გააჩნია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საწარმო, რომელიც 2016 წელს გაიხსნა ჰოლანდიელი პარტნიორების აქტიური დახმარებითა და ჩართულობით.
ამჟამად, „ნუტრიმაქსი“ აწარმოებს 100-მდე დასახელების პროდუქციას 10-მდე სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველისა და ფრინველისთვის.
2017 წლიდან ნუტრიმაქსი ფლობს ISO:22000-ის სერთიფიკატს და მუდმივად ავითარებს ხარისხის სტანდარტებს, რამდენადაც პროდუქციის და კომპანიის მართვის ხარისხი მისი წარმატების მთავარი საფუძველია.
გარდა იმისა, რომ „ნუტრიმაქსი“ არის თავის სფეროში საქართველოში ლიდერი კომპანია, ახორციელებს და ავითარებს ექსპორტს, როგორც ამიერკავკასიის, ასევე, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში.
„მივესალმებით „ნუტრიმაქს“ და მის გუნდს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სექტორი ძლიერდება და ამის დასტურია „ნუტრიმაქსი“ და ამ სექტორში მომუშავე კომპანიები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდიქტიული იქნება“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.