საქართველოს ბაზარზე ისრაელის კომპანია Sebocalm-ის პროდუქცია შემოვიდა
საქართველოს ბაზარზე ისრაელის კომპანია Sebocalm-ის პროდუქცია შემოვიდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელობის საქართველოში მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ქოჩლაძემ განუცხადა, Sebocalm-ი მომხმარებელს კანის სხვადასხვა ტიპის დერმო-კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
პროდუქტები იქმნება და იწარმოება ისრაელში მკაცრ ლაბორატორიულ პირობებში, უმაღლესი დონის სამეცნიერო ცოდნასა და კვლევებზე დაყრდნობით. Sebocalm-ის პროდუქცია უმაღლესი სტანდარტების, ხარისხის მკაცრი კონტროლისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით იწარმოება.
ქოჩლაძე აცხადებს, რომ საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. მათ შორის, კომპანიის ვებ-გვერდის, ფეისბუქ გვერდის, ინსტაგრამ და Mymarket.ge-ის არხებით.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს როგორც სააფთიაქო ქსელებიდან, ისე ქსელური მაღაზიებიდან,“ - აცხადებს ქოჩლაძე.
მისივე განცხადებით, კომპანია Sebocalm-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში დაახლოებით წელიწადნახევარში მონობუტიკების ხაზის ამოქმედებასაც განიხილავს.
კითხვაზე, როგორია რეალიზაციის მაჩვენებელი ბაზარზე 2 თვის წინ შემოსული კომპანიის პირობებში და რა მოლოდინები არსებობს, ქოჩლაძე განმარტავს, რომ გაყიდვები გეგმას მიყვება და პანდემიას ამ კუთხით რაიმე ნეგატიური ეფექტი არ ჰქონია.
„კონკურენცია დიდია, შესაბამისად, ეს უფრო დამაბრკოლებელია, ვიდრე პანდემია,“ - აცხადებს ქოჩლაძე.
Sebocalm-ის ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიულია და გავლილი აქვს დერმატოლოგიური შემოწმება მგრძნობიარე კანზე.
შეთავაზებაშია პროდუქტის რამდენიმე ხაზი, რომლებიც შემუშავებულია სახის კანის სხვადასხვა ტიპისა და საჭიროებისთვის:
SeboCalm Classic - პროდუქციის ხაზი აერთიანებს სიმპტომების ეფექტურ მკურნალობას და ამავდროულად ანებივრებს კანს. პროდუქტები შეიცავს ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც აძლიერებენ კანს და აძლევენ მას ჯანმრთელ, ცოცხალ და ნაზ იერს.
SeboCalm Innovation - ანტიასაკობრივი ხაზი მგრძნობიარე კანისთვის. პროდუქტების უნიკალური შემადგენლობა მოიცავს ვიტამინებს, სამკურნალო მცენარეებსა და ამინომჟავებს. მათი გამოყენება გვაძლევს როგორც მყისიერ, ისე გრძელვადიან შედეგებს.
SeboCalm Baby- პროდუქტის ხაზი სპეციალურად შექმნილია ბავშვის ნაზი, მგრძნობიარე კანის დასაცავად და მის გასაძლიერებლად პირველივე დღიდან.
SeboCalm Young - ინოვაციური პროდუქტის ხაზი გამონაყარისკენ მიდრეკილი კანის მყისიერი, ეფექტური მკურნალობისთვის.
შეგახსენებთ, კომპანიას ათვისებული აქვს ისრაელის ბაზრის 40% და 1,000-ზე მეტი გაყიდვების წერტილი აქვს. პროდუქცია დამზადებულია ევროკავშირის რეგულაციებისა და GMP (ISO 22716:2007) and ISO 9001:2015 გათვალისწინებით.