საქართველო თვითმფრინავების შეკეთების ცენტრის ჩამოყალიბების პოტენციალს სწავლობს
„აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად საქართველოში თვითმფრინავების შეკეთების ცენტრის ჩამოყალიბების პოტენციალის კვლევას იწყებს.
კვლევის ფარგლებში გამოვლინდება, თუ რამდენად შეუძლია ქვეყანას მსგავსი სახის ინვესტიციის მოზიდვა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი განმარტავს, კვლევით უკვე დაინტერესდა რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის კომპანია.
„გარკვეული კომპანიები უკვე ინტერესდებიან ამ კვლევის შედეგებით. მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული კონკრეტულად რა შედეგს აჩვენებს კვლევა. ამასთან, მიზნად ამოვიღეთ 10-მდე კომპანია, რომელსაც გვსურს, რომ დამატებით გავაცნოთ კვლევის შედეგები, როდესაც ის დასრულდება. დაინტერესებულ მხარეებთან გავმართეთ კონსულტაცია და ყველამ გამოთქვა აზრი, რომ ქვეყანაში ამის პოტენციალი არის. ასევე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან გაკეთებული სტრატეგიის ფარგლებში სექტორების სკანირების დროს ეს სექტორი ამოვიდა, როგორც ერთ-ერთი პოტენციური მიმართულება.
კვლევის ფარგლებში უკვე დავიქირავეთ მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, რომლებიც მსგავსი სახის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას აკეთებენ. შეფასდება, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის პოტენციალი. დაინტერესებულმა მხარეებმა უკვე დაადასტურეს, რომ ქვეყანას აქვს მსგავსი სახის პოტენციალი და რაც მთავარია, ასეთი სახის სამუშაო ძალაც არის“,- განმარტა ზირაქიშვილმა.