ბიზნესი
15/03/2021

საქართველო სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების დოკუმენტს შეიმუშავებს

ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“ დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა, პროექტის ამოცანაა საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, დარგის ახალი ორგანიზაციული, საოპერაციო და ფუნქციონალური სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ადამიანური რესურსის გაძლიერების კუთხით.

ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლონეთის სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად. პროექტის მთავარი ბენეფიციარი ეკონომიკის სამინისტროა. ამასთან ქართული მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება სს „საქართველოს რკინიგზა“.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე.