ბიზნესი
30/04/2021

საქართველო მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს შორის მე-19 ადგილზე მოხვდა

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის Kearney-ის რეიტინგში Global Services Location Index (GSLI) 2021 საქართველო მე-19 ადგილზე მოხვდა.

რეიტინგი ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, საქართველო რეიტინგში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით პირველად მოხვდა.

ანგარიშის მომზადებისას Kearney-ს მიერ შეფასდა 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა განზომილებაში, შემდეგი კატეგორიებიდან: ფინანსურ მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.

როგორც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განმარტავს, საქართველოს წარმატებული დებიუტი აღნიშნულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული Kearney-ს მიერ: „ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“.

Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით. ბიზნეს სერვისების სექტორი რჩება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორად, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. მსგავსი ტიპის აქტივობებით სააგენტოს საინვესტიციო გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად გლობალურ ასპარეზზე.