Sairme Palace: მომავალ წელს სასტუმროში საბავშვო ზონის დამატება იგეგმება
2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის, საოჯახო სასტუმრო Sairme Palace-ში, საბავშვო ზონის დამატება იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სასტუმროს თანადამფუძნებელმა, ნანა ჯანაშიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმრო ორ ტერასას ფლობს, საიდანაც ერთ ტერასაზე დასასვენებელი ზონაა მოწყობილი, ხოლო მეორე ტერასა საბავშვო სივრცის განსათავსებლადაა გამზადებული.
„ამჟამად საბავშვო ზონისთვის განკუთვნილი ტერასა უკვე მომზადებულია, თუმცა ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, თუ რამდენი იქნება საჭირო სივრცის სრულად მოსაწყობად,"-აცხადებს ჯანაშია.
ამ დროისათვის, განსახორციელებელი ინვესტიციის რაოდენობა უცნობია და მისი კალკულაცია სეზონის დასრულების შემდეგ, შემოდგომის სეზონზე დაიწყება.
გარდა ამისა, დაგეგმილია ოთახების განახლება, ასევე კვების ობიექტისა და ე.წ. ფანჩატურის მოწყობაც, სადაც დამსვენებელი თავისუფალი დროის გატარებას შეძლებს, თუმცა აღნიშნული მხოლოდ იდეაა და მისი განხორციელება ფინანსურ მზაობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც საოჯახო სასტუმროს თანადამფუძნებლი აღნიშნავს, მათ საკურორტო ზონაში გამოწვევა მრავლადაა. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ყოველწლიურ რეაბილიტაციას მოითხოვს, ეს კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ცნობისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმრო Sairme Palace ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და საერთო ჯამში, 40-45 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. სასტუმრო კურორტ "საირმეში" მდებარეობს.