საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 20.49%-ით შემცირდა
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი შემცირდა.
AviaNews-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ სამგზავრო გადაყვანებისგან განსხვავებით ნაკლები კლებაა სატვირთო გადაზიდვებში, რაც განპირობებულია იმითაც, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 18 037 ტონა შეადგინა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კი 22 686 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 20.49%-ითაა შემცირებული.
სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა სულ 1,915 ტონა ტვირთი გაატარეს, 2019 წლის ნოემბერში კი 1 964 ტონა. წლიური ვარდნა 3%-ია.
2020 წლის 11 თვეში საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული და რეგულარული რეისებით, სხვადასხვა მიმართულებებზე, კარგო ტვირთებს ემსახურებოდნენ: Geo Sky, Turkish Cargo, Cargolux, Silk Way და TCA.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.