ბიზნესი
16/02/2021

აპლიკაცია RedCap - ლოქდაუნის პირობებში შექმნილი გადაზიდვის თანამედროვე სერვისი

COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, პანდემიამ ახალი კომპანიების გაჩენასაც შეუწყო ხელი. "ლოქდაუნის" პერიოდში ბაზარზე ახალი ბრენდი RedCap-ი გამოჩნდა.

RedCap არის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტვირთის გადამზიდავს და ასეთი საჭიროების მქონე ადამიანს/იურიდიულ პირებს. პლატფორმაზე დარეგისტრირება შეუძლიათ დიდი, საშუალო ან მცირე სატვირთო ავტომობილების მძღოლებს და მტვირთავებს. მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ აპლიკაციით იპოვოს მისთვის მისაღები მძღოლი/მტვირთავი და გამოიძახოს სასურველ დროსა და მისამართზე.

კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო ბუცხრიკიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აპლიკაციის იდეა პირველი „ლოქდაუნის“ დროს გაჩნდა, როდესაც ფიზიკურ პირებს, ასევე მაღაზიებსაც გაუჩნდათ ტვირთის ადგილზე მიტანის საჭიროება.

„დაახლოებით ექვს თვეში პირველი ვერსია მზად გვქონდა ბაზარზე გასაშვებად. დღეისათვის ჩვენი სერვისით რეგისტრირდება ერთი მხრივ ტვირთის გადამზიდი/მტვირთავი, რომელიც გადის ვალიდაციას და მეორე მხრივ მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გამოიძახოს სასურველი ზომის მანქანა და გადაიტანოს ტვირთი. ძალიან მარტივი სერვისი გვაქვს კომპანიებისთვის. ნებისმიერ მაღაზიას შეუძლია ჩვენი აპლიკაცია დააკავშიროს თავის სისტემასთან და პირდაპირ სისტემიდან მიიღოს სერვისი.

საინვესტიციო ღირებულება 50,000 ლარია. დამფუძნებელთა გუნდი დეველოპმენტში და ტექნოლოგიებში გამოცდილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ამიტომ ბევრი რამ თავად გავაკეთეთ და შევქმენით", – აცხადებს ლადო ბუცხრიკიძე.

RedCap-ის მომსახურების ფასი არის ინდივიდუალური და დგინდება წინასწარ განსაზღვრული რთული ალგორითმის შესაბამისად: ტვირთის მოცულობა, წონა, გადასატანი მანძილი, სართულის სიმაღლე, ლიფტი, დამხმარეების რაოდენობა და სხვა. თუმცა, მომხმარებელს შეუძლია თავად მოითხოვოს მისთვის სასურველი ფასი.

„გვაქვს როგორც მობილური აპლიკაცია, ასევე ვებ პლატფორმაც, რომელიც ამ ეტაპზე უფრო საინფორმაციო ხასიათს ატარებს. მომავალში ვფიქრობთ, რომ ორივე პლატფორმაზე სრულყოფილი სერვისის მიწოდება შევძლოთ. გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ 2 თვეა ბაზარზე გამოვჩნდით დღეში მხოლოდ რამდენიმე შეკვეთა გვაქვს. თუმცა, ეს ტენდენცია მზარდია და გამოხმაურებაც დადებითი. ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ძირითადი მიზნობრივი მომხმარებლები მაინც თბილისში გვყავს.

რა თქმა უნდა, ეს არ არის აპლიკაციის საბოლოო ვერსია და ყოველდღიურ რეჟიმში, მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ვაახლებთ სისტემას, ვამატებთ ახალ ფუნქციონალს, რომ რაც შეიძლება მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული გავხადოთ მომსახურება,“ – აცხადებს RedCap–ის გენერალური დირექტორი.