ბიზნესი
17/05/2023

"საფერიკა" - ნიუ-იორკის შტატში საფერავის ფესტივალი გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში, „დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობის“ ტერიტორიაზე, საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა.

"საფერიკას“ ღვინის სფეროს ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე ღვინის მოყვარულები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

წელს, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ კულინარიას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.

ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული. პირველი ფესტივალი „საფერიკა“ 2022 წლის მაისში ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით, ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. 

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით გაიმართა.