
საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების კომპანიები რაბაზარიას მარკეტების სერიაში მიიღებენ მონაწილეობას
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების მწაროებელი 30-მდე ბენეფიციარი კომპანია რაბაზარიას მარკეტების სერიაში მიიღებს მონაწილეობას.
მარკეტი 29-30 მაისს 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, მიხეილ ჯავახიშვილის 14 ნომერში, ელბაქიძის დაღმართთან მდებარე სკვერში ჩატარდება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, რაბაზარია, როგორც ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც ყველაფერი კარგი მოსულა და წელსაც არ უღალატებს ტრადიციას და სიურპრიზებით, სიყვარულით, სიფერადით გაჯერებულ მარკეტს შემოგვთავაზებს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქართული სტარტაპი, მოეწყობა სტენდები, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შეიძინოს ნივთები, დააგემოვნონ უგემრიელესი ვეგეტარიანული კერძები და დაათვალიერონ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. დღის მარკეტის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ მუსიკოსები.
რაბაზარიას მარკეტის მიზანი საზოგადოებაში გარემოზე ზრუნვის ცნობიერების ამაღლება და ქართული სტარტაპების ხელშეწყობაა, რომელიც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა რეალობამ საკმაოდ დააზიანა.
პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება , პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.